spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ხუნდაძე – მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ნუ ელის

“მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით და ამას სასამართლო განსჯის – ჩვენი პოლიტიკური განაჩენი იყო არჩევნების შედეგები და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ნუ ელის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

 

“დღეს დარბაზი შედარებით მშვიდია, მაგრამ, ალბათ, იმასაც ატყობთ, რომ ეს სიმშვიდე განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში არ არის. როგორც ჩანს, საქართველოს მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება მაინც არ უწერია, როგორც გარეშე, ისე შიდა მტრისგან. მაგრამ უფრო მძიმეა დაპირისპირება და მტრობა, რომელიც ავტომატურად გარე ძალასაც ახალისებს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაცმოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან, ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას. ის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც მხოლოდ საკუთარ ქვეყანას ებრძვის. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით, ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო. შედარებით გაწონასწორებული და არააგრესიული იმიჯი ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ესეც იმ თამაშის ნაწილია, რითიც ხშირად სააკაშვილი ერთობა და ცდილობს, საზოგადოებას ამდაგვარად შეაჩეჩოს საკუთარი თავი. მისი სიტყვით გამოსვლის დეტალებში არ შევალ, ამას არავითარი აზრი არ აქვს, მაგრამ  ვიტყვი ერთადერთს – მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება და შესაბამისად, არ შეიცვლება საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება და განწყობა. მათი მხრიდან ჯანდაცვის თემით სპეკულირება დასრულდა, არ გამოუვიდათ და რადიკალური ოპოზიცია ახალ გეგმაზე გადავიდა. განახლებული სააკაშვილის წარდგენით სურთ, მოსახლეობაში განახლებული განწყობის შექმნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ეს გამოუვათ, რადგან მათი პოლიტიკური სპექტაკლები სერიებად აქვს ნანახი საზოგადოებას და არც ის იფიქროთ, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია და არ ახსოვს ის, რაც დღესაც მძიმე გასახსენებელია. სააკაშვილის საქმე ჯანდაცვიდან სამართლებრივ ჭრილში დაბრუნდა და ეს არის ის გზა, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა და სადაც სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპული გზა არის სწორედ ეს – კანონის აღიარება და არა მხოლოდ საკუთარი პარტიული მიზნებისთვის შინ თუ გარეთ უსაფუძვლო და საზიანო სირბილი. მომდევნო სამი წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე. სააკაშვილი და მისი პარტია დესტრუქციული ქმედებებით აჟიოტაჟს და შესაძლოა, შანტაჟსაც კი შეეცდება, რომ ქვეყანა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ამყოფოს. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ბუნებრივია, ამას გვერდს ვერ ავუვლით. თუმცა, შეგვიძლია, მათი მიზნები რეალობად არ ვაქციოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ხალხს მივცემთ  მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას. მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმითი, თავისი ელემენტებით, მოაწყო შიმშილობა ციხეში და მჯერა, ასეთივე დაგეგმითი ელემენტებით გვაყურებინებს მის სასამართლო პროცესს ბოლომდე. არადა, მისი გამოსვლიდანაც ჩანდა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ნანობს იმას, რაც ჩაიდინა, აღიარების არავითარი განწყობა მას არ აქვს და ის თავს არიდებს იმ ბრალდებებზე საუბრისგან, რისთვისაც სასამართლო პროცესი იმართება და ის ცდილობს, პოლიტიკური სცენისთვის გამოიყენოს სასამართლო დარბაზი. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, ნუ გაჰყვებით მათ ამ თამაშში, თორემ ქვეყანა დაემსგავსება ერთ დიდ სცენას. რა განაჩენიც არ უნდა დადგეს ამ კონკრეტულ საქმეზე, სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წელი და ის ამ სასჯელს აუცილებლად მოიხდის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მოსახლეობასაც – მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით. ამას სასამართლო განსჯის. ჩვენი პოლიტიკური განაჩენი იყო არჩევნების შედეგები და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ნუ ელის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები