საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ანალიზების ჩაბარებაზე უარი აღარ თქვას.
დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, მესამე პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნკაციასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრა.
“გუშინ შექმნილი პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით მოგვარდა და დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა, ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე გააგრძელოს მედიკოსებთან კომუნიკაცია და კონსილიუმის წევრებთან.
დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, კონსილიუმის წევრები ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა პროტესტის ამ მძიმე ფორმის გამო, მიხეილ სააკაშვილი მათ არ ხვდებოდა, ბოდიშს უხდის კონსილიუმის წევრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პატივისცემასა და ნდობას კონსილიუმის წევრების მიმართ”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.