მდინარაძე ჩამოყალიბდა, როგორც ჭორიკანა დეპუტატი, ველოდები, ანეკდოტების მოყოლას როდის დაიწყებს ამ ჭორაობის პროცესში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დიმიტრი შაშკინმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელია დიდი განხეთქილება, რაც პარტიის გახლეჩით შეიძლება დასრულდეს.
შაშკინის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ყავს არჩეული მენეჯმენტი, რომლისგანაც ელოდებიან პასუხს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გეგმებთან დაკავშირებით.
“მდინარაძეს ჭორაობა ძალიან უყვარს. ჩამოყალიბდა, როგორც ჭორიკანა დეპუტატი. მისი ბრიფინგები არა შინაარსობრივია, არამედ ჩვეულებრივი ჭორაობა. რაღაც მოისმინა, რაღაც ანეკდოტი გაიგო, ველოდები, ანეკდოტების მოყოლას როდის დაიწყებს ამ ჭორაობის პროცესში. მე არ ვმონაწილეობ პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში, ძირითადად ვმუშაობ საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა გეგმები აქვს პარტიას ახლა. მგონია, ამ ჭორებზე კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ეს არის მდინარაძის ჭორები.
პარტიას ყავს არჩეული თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა ნდობა არჩეული თავმჯდომარის მიმართ. აქედან გამომდინარე, პარტიას ყავს მენეჯმენტი. ამ მენეჯმენტმა უნდა გვაცნობოს იმ ნახევარმილიონიან ამომრჩეველს (ბევრად მეტი ვართ მაგრამ, რაც გაგვიფორმეს) გეგმები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”, – განაცხადა შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ჯგუფებს შორის სტრატეგიულ საკითხებში შეუთანხმებლობაა.