spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიპლომატები – სატელეფონო მიყურადება ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩები სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

 

​შეხვედრაზე დიპლომატებმა უშიშროების სამსახურის მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციასა და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველში.

 

“შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში”, – აღნიშნულია დიპლომატების განცხადებაში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრა გაიმართა.

 

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.

 

დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.

 

აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს. თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები