ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს ნიკა გვარამიას დაკავების დროს პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი თქმით, გვარამია ახლა თავს კარგად გრძნობს და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთ-ერთი დარტყმის დროს, სუნთქვის უკმარისობის გამო, რამდენიმე წამით გაითიშა. საერთო ჯამში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ არ საუბრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე. შემთხვევით მოჰკრა ყური პოლიციელების საუბარს, დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია, 48 საათში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი.
ის ფიქრობს, რომ ახლა, რა თქმა უნდა, არის დრო მშვიდად, მტკიცედ და გამბედავად ქართველმა ხალხმა გააგრძელოს პროტესტი და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. არ იქნება თვითონ, იქნება სხვა ლიდერი და ამა თუ იმ ლიდერის დაკავებამ, არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს ქართველი ხალხის პროტესტზე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ადვოკატმა.