პოლიტიკური მოტივების გარდა, უბრალოდ სხვა იდეა არ მომდის თავში. დიდი იმედი მაქვს, ეს შეცდომა გამოსწორდება, მომეცემა თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი საქართველოდან მისი დეპორტაციის გადაწყვეტილების კომენტირებისას აცხადებს.
მისი თქმით, გაკვირვებულია ამ გადაწყვეტილებით, რადგან ეგონა, რომ უკრაინასა და საქართველოში ესმით რა მდგომარეობაში არიან რუსეთში ოპოზიციის წარმომადგენლები და არ ელოდა თუ საქართველოში არ შეუშვებდნენ.
“იმედი მქონდა, რომ ქართულ გემრიელ კერძებს დავაგემოვნებდი ქართულ ღვინოსთან ერთად, მაგრამ ჩემთვის ძალიან მოულოდნელად პასპორტი ჩამომართვეს და ნახევარ საათში მესაზღვრემ განმიცხადა, რომ სახელმწიფომ მიიღო დეპორტაციის გადაწყვეტილება და ამავე თვითმფრინავით უკან გამიშვებდნენ. მიზეზი არ დამისახელეს, მითხრეს, რომ 10 დღის განმავლობაში შემეძლო ინფორმაციის გამოთხოვა.
იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდე თბილისში და ვნახო ჩემი მეგობრები. მე მელოდნენ დიპლომატები, ჟურნალისტები, თბილისში ცხოვრობენ ჩვენი აქტივისტები, რომლებიც იძულებულები გახდნენ საქართველოში წასულიყვნენ ემიგრაციაში, რადგანაც ჩვენი სახელმწიფო მათ დევნის. ჩვენთან ახლა რეპრესიების პერიოდია, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“, – განაცხადა გუდკოვმა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მომხდარში პუტინის რეჟიმის გავლენას ხედავს.
“ვერ წარმომიდგენია, რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდე საქართველოსთვის, ეს აბსურდია. მესმის, რომ პუტინის რეჟიმი გავლენას ახდენს. ის გავლენას ახდენს ყველა მეზობელზე. ლუბოვ სობოლი გამორჩეული პოლიტიკოსი ნავალნის გუნდიდან ასევე ცდილობდა ქვეყანაში შემოსვლას და არ შემოუშვეს, ვიცი, რომ სხვა აქტივისტებთანაც იგივე მოხდა. მე მინდა დაველოდო ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებას, რომ საბოლოო დასკვნები გამოვიტანო, პოლიტიკური მოტივების გარდა, უბრალოდ, სხვა იდეა არ მომდის თავში. დიდი იმედი მაქვს, თუ ეს შეცდომა გამოსწორდება და მომეცემა თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა”, – განაცხადა გუდკოვმა „ტვ პირველთან“ ჩართვისას.