პოლიტიკური პარტია “დროა” აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ბელარუსის კგბ-სთან, საგანგაშოა.
“საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს KGB-სთან. ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.
უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის”, – აღნიშნულია “დროას” ინფორმაციაში.
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და ქართულ სუს-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა.
შეთანხმება 2016 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სუს-ის მაშინდელმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მოაწერა.
5-წლიანი პროცედურული დაზუსტებების შემდეგ კი, 2021 წლის პირველი აგვისტოდან, შეთანხმება ძალაში შევიდა. დოკუმენტი ოფიციალურად 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.
შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.
დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdroa.live%2Fposts%2F203057671836060&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”770″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>