საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფადი ასლი საქართველოში არსებულ კრიზისსა და უმძიმესს მდგომარეობაზე საუბრობს.
ის აცხადებს, რომ ქვეყანა წყალში იძირება და ეს ხელისუფლებას არ ადარდებს, ამიტომ "არაკომპეტენტური და მავნებელი მთავრობის წევრები, ჭკვიანი ადამიანებით უნდა ჩანაცვლდეს".
"ძალიან დიდ პრობლემებში ვართ, რასაც ფონად სდევს პოლიტიკოსების კინკლაობა და ხელისუფლების გადაწყვეტილებები. მაგალითად ოპოზიციის ლიდერის დაკავება იმის ნაცვლად, რომ იზრუნონ ინვესტიციების შემოდინებაზე ქვეყანაში და იმაზე, თუ როგორ გაათავისუფლონ ბიზნესი, გახსნან ეკონომიკა, იმუშაონ იმისთვის რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ სვლას. ისინი ძალაში ტოვებენ კომენდანტის საათს, არ ფიქრობენ ტურიზმზე, ძალიან დიდ გასაჭირში ვართ.
გულწრფელი რომ ვიყო, მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, გაყინულია ყველაფერი. ჩვენს მსგავსად ბევრი ქვეყანაა ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, მაგრამ ჩვენნაირი სირთულეები და თან, 8-წლიანი არავის ჰქონია. დღევანდელი ჩვენი სიტუაცია არ არის გამოწვეული კორონაპანდემიით, ეს განაპირობა 8-წლიანმა პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა. წყალში ვიძირებით და ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ ეს არაკომპეტენტური და მავნებელი ხალხი, გვჭირდება ჭკვიანი ხალხი, რომელსაც ბიზნესი და ეკონომიკა ესმის, რომლებიც ერთგულები დარჩებიან ევროკავშირის და ასოცირების ხელშეკრულების პირობების. ქვეყანაში წარმოუდგენელი სიღარიბეა და ამ ფონზე კიდე კორუფციაა. ქვეყანა ჩაიძირება, ეს კი ხელისუფლებას არ ადარდებს, მათ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აინტერესებთ. ეს უპასუხისმგებლობა სრულიად მიუღებელია. ისინი თავად კვებავენ კორუფციას, ისინი არიან უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური და კორუმპირებული. ეს ხალხი ფიქრობს, რომ სხვაზე ჭკვიანები არიან, მათი ეგო ცაზე დიდია, ვიღაცამ ისინი მიწაზე უნდა დააბრუნოს", – განაცხადა ფადი ასლიმ "მთავარი არხის" ეთერში.