გვაქვს კოვიდ პაციენტების რაოდენობის ზრდა, მდგომარეობა ძალიან სერიოზული და საგანგაშოა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუტბამ “მთავრობის“ სხდომაზე განაცხადა. მან მოსახლეობას კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების დაცვისკენ მოუწოდა.
“ჩვენი მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს. ექიმებიც ხალხი არიან, ისინიც დაიღალნენ“, – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.
მისი თქმით, პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, რუსეთში კი ჟანგბადის შოვნა სულ უფრო რთულდება.
“პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, სამედიცინო დაწესებულებაში დღეში 200-ზე მეტი ბალონი იხარჯება და რუსეთში ჟანგბადის შოვნა სულ უფრო და უფრო რთულდება“, – აღნიშნა ედუარდ ბუტბამ. მან სოხუმში მდებარე ჟანგბადის სადგურის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამასთან, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმაც დაადასტურა, რომ დაწესებულების განახლების საკითხი აქტუალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, „კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელია“.