ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ეტლით გადაადგილდება, არ შეუძლია მას ფიზიკურად მოძრაობა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ნიშანია, – ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს ციხის ტერიტორიაზე არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.
“ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ეტლით გადაადგილდება, არ შეუძლია მას ფიზიკურად მოძრაობა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ნიშანია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალებში აღწერა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა, ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, ვიდრე ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ რატომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება ყველაზე მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით, მისი დაკავება ისე მოხდა, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ის ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებდა, აპირებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება გააგრძელოს.
დაწესებულების ხელმძღვანელიც შემოვიდა, ესაუბრა მას და უთხრა, რომ გადაიყვანენ დღეს, აქვე, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.