spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ეს ძალიან სახიფათოა, გვაშორებს ევროპულ ოჯახს, ცივილიზებულ სამყაროს და აშკარად ჩანს ლოიალური განწყობები რუსეთის მიმართ

პრეზიდენტთან ეს დაპირისპირება  კიდევ უფრო მძიმე  კითხვებს აჩენს  მმართველი პარტიის მიმართ, – ამის შესახებ Front News-ს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, შექმნილ საერთაშორისო კონტექსტში პრეზიდენტის მიმართ დაპირისპირების გამწვავება საქართველოსათვის  სახიფათო რისკებს შეიცავს. 

 

“უკრაინის ომი საერთაშორისო საზოგადოებას და დანარჩენ სამყაროს აშკარად აყენებს ერთმნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, ან უჭერს მხარს ქვეყანა უკრაინას და არის მის მიმართ სოლიდარული, ან დგება აგრესორი რუსეთის მხარეს. ამ ვითარებაში არ გამოიყურებოდა მმართველი პარტიის გზავნილები მკაფიოდ,   სოლიდარობის განცხადებები ძალიან მერყევი და ძალიან სუსტი იყო და  ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაჩნდა კითხვები, რაც პრეზიდენტს შეუტიეს  მისი ღია და პრინციპული პოზიციის გამო. 

 

პრეზიდენტის მიმართ დაპირისპირება საჯაროდ სწორედ ამ ფონზე გამოჩნდა, რაც ეხებოდა მის ბრიუსელში ვიზიტსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ძალიან მკაფიო პოზიციების გახმოვანებას.  ეს დაპირისპირება აჩენს კიდევ უფრო მძიმე  კითხვებს მმართველი პარტიის მიმართ, ხომ არ მოხდა ეს სწორედ იმის გამო, რომ მათ გაცილებით ლოიალური პოზიცია აქვთ რუსეთის  მიმართ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, იმის ნაცვლად, ეთქვათ, რომ ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს,  ხალხის და პრეზიდენტის განწყობა, რომელიც ერთმანეთს დაემთხვა და მმართველი პარტიის განწყობა არის ერთი, ამის ნაცვლად,  პრეზიდენტის  პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ვნახეთ უკვე ღია კონფლიქტი. არა მარტო კონფლიქტი, უკვე საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც ძალიან მძიმე მოსასმენია. 

 

ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქართველოს მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, ეს ჩვენ გვაშორებს ევროპულ ოჯახს, ცივილიზებულ სამყაროს და აშკარად ჩანს ლოიალური განწყობები რუსეთის მიმართ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 

ის  მიიჩნევს,  რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე არ გადავა და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.  „პრეზიდენტის წინააღმდეგ არ აქვთ საკმარისი ქვორუმი, აქედან გამომდინარე  ეს განცხადებები უფრო მიმართულია პრეზიდენტის მიმართ გაფრთხილებისა და მისი კონტროლის სურვილისკენ. ჯერ ერთი, იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს და წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ თემაზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ეს პოლიტიკურადაც და მორალურადაც ძალიან წამგებიანია მმართველი პარტიისათვის. პრეზიდენტის მიერ გაკეთებული გზავნილები ძალიან საჭირო იყო ქვეყნისთვის და ამის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე დაწყებაც კი ძალიან ტრაგიკულია. თუ ვინმე დაზარალდა ამით, ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.   რაც შეეხება პრეზიდენტის შემდგომ ნაბიჯებს,  პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი შიშის გამო უკან არ დაიხევს და „ქართულმა ოცნებამ“ თუ კიდევ არ იცის პრეზიდენტის ხასიათი, მოუწევს მისი გაცნობა.  

 

“კონფლიქტი აშკარაა და ისიც აშკარაა, რომ პრეზიდენტი გაცილებით უფრო სწორად და გაბედულად დგამს ნაბიჯებს.   კარგად  ვიცნობ ქალბატონ სალომეს, ჩვენ ბევრი წელი ერთად ვიყავით ოპოზიციაში, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და ვიცი მისი პრინციპული ხასიათი. წარმოუდგენელია, რომ ის ვინმეს შიშით  მოქმედებდეს, ძალიან უშიშარი და გაბედული ქალია, ასე ვიცნობ მას.  შეიძლება დიპლომატიის გამო უკან დაიხიოს, მაგრამ  შეეშინდეს და ამის გამო პრინციპულ საკითხებზე უარი თქვას, ასეთად არ ვიცნობ. თუ არ იცნობს „ქართული ოცნება“ მის ხასიათს, გაიცნობს ამ დარჩენილ დროში“, – განაცხადა ბესელიამ.  

 

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები შეთანხმებული ყოფილიყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, ეკა ბესელია პასუხობს, რომ ისეთ რამეზე,  რაც არ იცის,  ვერ ისაუბრებს. 

 

“არ მიყვარს ვარაუდებზე საუბარი, ვინ ვის  ყურში რას ეჩურჩულება,  ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი.  ვერ გეტყვით,  კულუარებში რა ხდება,  შემიძლია შევაფასო ის,  რასაც ვუყურებთ და თვალს ვადევნებთ“,  – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები