ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილი, მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც დღეს გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
მისივე თქმით, ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული.
“ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებულია როგორც ძალადობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თუმცა კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო პრეზიდენტის მიმართ, ამისთვის კიდევ ცალკე სპეციფიკური მუხლია არაადამიანური მოპყრობის. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. მიყენებული აქვს ნასროლი საგნების შედეგად. კვერცხის გარდა შეიძლება, სხვა რამეც იყო. ფაქტია, რაც არ უნდა ისროლო, როდესაც სახის არეში ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს სახიფათო.
ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილი, მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი თხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომელიც ასევე დართულია ამ საჩივარს. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება ამ ფაქტს სხვა სამართლებრივ ფორმას ვერ მისცემს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები 18 თებერვალს ესროლეს.