არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არ აპირებს რეგისტრაციას, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარი არჩევნებზე დაკვირვებაა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ “რუსული კანონებით” საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაცია დღეს სრულდება.