მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას საქმეებთან მიმართებაში. ფაქტობრივად, ჩვენ, ყველამ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდიან ყველა დაკავებულის შესახებ და ასევე, მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
“გუშინ დააკავეს სულ 16 პირი, ბათუმში 7 და თბილისში 9. ამ ბოლო პერიოდში 480-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული საქმეები და სისხლის სამართლის დევნა.
10-11 იანვარს ვნახეთ, რომ მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები. საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ვერცერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი პოზიციები და მტკიცებულებები იყო ძალიან შაბლონური.
მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამ საქმეებთან მიმართებაში. ფაქტობრივად, ჩვენ, ყველამ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი. ეს ყველაფერი არის დარღვევა. მოსამართლეებს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონიათ.
რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, აქაც, როგორც იცით, 11 იანვარს 11-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს. ყველა ეს ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაცვის ქვეშ არიან, თუმცა მათ თავის დროზე არ მიეცათ საშუალება, რომ მაშინვე ჰქონოდათ კომუნიკაცია დაცვის მხარესთან. ისინი საუბრობდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მომხსენებლები არიან ჩამოსული, რომლებიც რამდენიმე დაკავებულს მოინახულებენ საპატიმროში და მათთანაც გვექნება კომუნიკაცია, თუ როგორ ირღვევა საქართველოში ადამიანების უფლებები”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.