საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და არასდროს არ დაიღლება ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე საზოგადოებამ დაინახა, თუ რა ტიპის გაყალბებას ჰქონდა ადგილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” მხრიდან.
“ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს სცოდნოდათ როგორ გაყალბდა არჩევნები, რა სქემებით მუშაობდა ხელისუფლება და ჩვენ დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ შევეცადეთ, რომ უშუალოდ თვითმხილველებს ესაუბრათ იმაზე, თუ რა ნახეს საარჩევნო უბნებზე.
ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა, ვიცით ყველა დეტალი, შესაბამისად, ეს გავაგებინეთ დღეს საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი აქცია და ყველანაირი პროტესტი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთმანეთსაც უნდა დავანახოთ, რომ ამ გაყალბებას და უსამართლობას არ შევურიგდებით. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და არასდროს არ დაიღლება ამ ბრძოლაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.