ჩვენი მთავარი მიგნება წინასაარჩევნო პერიოდში არის ის, რომ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არის წაშლილი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები არ რეაგირებენ ეფექტურად კონკრეტულ კანონდარღვევებზე და არ ახდენენ პრევენციას.
“ჩვენი მთავარი მიგნება წინასაარჩევნო პერიოდში არის ის, რომ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არის წაშლილი. სახელმწიფო ინსტიტუტები არ რეაგირებენ ეფექტურად კონკრეტულ კანონდარღვევებზე და არ ახდენენ პრევენციას. მაგალითად, როდესაც ინფორმაცია ვრცელდება პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, არ არის ეფექტური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ასევე, მედიისგან ვიცით, რომ აჭარაში კონკრეტულ ადამიანებთან ზეწოლის მიზნით და მათი დაშინების მიზნით ცდილობენ ხმების შეგროვებას, თუმცა რეაგირება არც ამაზე ყოფილა. კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია, ფაქტობრივად, გამოიყენება კრიტიკული მედიების დასასჯელად, მაშინ როდესაც, ისინი კანონიერად არ ასრულებენ მმართველი პარტიის მოთხოვნებს, კონკრეტული პოლიტიკური რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით. ცესკო იღებს გადაწყვეტილებას წილისყრის წესის შეცვლასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იდენტიფიკაციას გააკეთებენ ამომრჩევლების საარჩევნო უბანზე, მათი იდენტიფიცირება სწორად მოხდება. ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია და აქაც ეფექტური გამოძიება არ მიმდინარეობს. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდი არის დაძაბული იმის გამოც, რომ მიღებულია რუსული კანონი და ფაქტობრივად, მთლიანად მმართველი პარტია ჩართული არის სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ქართული სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დარღვევები არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რადგან თუ ბევრი ადამიანი გამოხატავს თავის ნებას, არჩევნების დღეს განხორციელებული დარღვევა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს შედეგზე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.