“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გლდანის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც შედის და ნახულობს, არ აქვს მნიშვნელობა, ადრე ნანახი ჰყავდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი, იმდენად მკვეთრადაა გამოხატული სისუსტე, რომ ამის თვალის არიდება, თუკი ამას ვინმე შეძლებს და იტყვის, არის უსინდისობა.
ვისაუბრეთ ძალიან ბევრ დეტალზე, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა, ამ ვითარებაში ნამდვილად არ ვაპირებ ვისაუბრო. არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც საზოგადოებამ არ იცის და აუცილებელია, საქმის კურსში ჩავაყენოთ. დათქმა არის ძალაში, შიმშილობას არ წყვეტს სამწუხაროდ, სანამ არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.