კულმინაცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება არჩევნები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა არ არის, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული აზრი აქვს.
“გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები და ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ერთსულოვანი დამოკიდებულება, ეს არაფერს არ ნიშნავს. “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია, თავისი სამოქმედო გეგმა აქვს და ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული სხვა პარტიებზე. ჩვენ რომ ყველას ერთნაირი აზრი გვქონდეს, ვიქნებოდით ერთ პარტიაში გაერთიანებული, ჩვენ სხვადასხვაგვარი შეხედულებები გვაქვს ივანიშვილთან მიმართებაში.
საგანგაშო იქნებოდა ის, როდესაც შეთანხმება გაფორმებულ პრინციპზე გვქონოდა სხვადასხვა აზრი შეთანხმების შემდეგ. ნებისმიერი შედეგი, რომელიც დაასრულებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, ეს იქნება არჩევნები. როგორი ბობოქარიც უნდა იყოს ქუჩაში პროცესები, როგორი ბობოქარიც უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრება კულუარებში, კულმინაცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება არჩევნები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.