მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათში „ვივამედის“ კლინიკაში გადაჰყავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა კლინიკაში.
“მიხეილ სააკაშვილი არასდროს წინააღმდეგი არ ყოფილა კლინიკაში გადაყვანის. ის თანახმა იყო პირველსავე შეთავაზებისთანავე გადაყვანაზე. ადამიანი რაციონალურად აფასებს თავის მდგომარეობას, იცის, რომ ვითარება არის უკიდურესად კრიტიკული და ნებისმიერი დაკარგული საათი მის ჯანმრთელობაზე აისახება. მან ადმინისტრაციის ექიმს ჩემი თანდასწრებით განუცხადა თანხმობა. ითხოვს შედეგს, მას სჭირდება ადამიანი, ვინც დაეხმარება გადაადგილებასა და სხვა საკითხებში, ასეთი ტერმინი არსებობს „თავმდგომი“ და დედაზე უკეთესი ასეთ მდგომარეობაში ვერავინ იქნება. ის თვლის, რომ ქალბატონი გიული საქმის კურსში უნდა იყოს, რომ მისი შვილი გადაყავთ რამდენიმე საათში „ვივამედის“ კლინიკაში და თუ შესაძლებელია, ის იყოს ადგილზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
დეპუტატის თქმით, „ვივამედში“ გადაყვანა არის დროებითი ღონისძიება და მიხეილ სააკაშვილი იქ ვერ განიკურნება.
“ის არ არის გამსჭვალული ამ რწმენით, რომ იქ განიკურნება, ის თვლის, რომ ახლა არის აუცილებელი იქ გადასვლა, რომ შეინარჩუნოის სიცოცხლე, მაგრამ აუცილებელ პირობად მიიჩნევს ამ საკითხში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას“, – განაცხადა ხერხეულიძემ.