“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს შეუძლოდ ორჯერ გახდა.
როგორც ხერხეულიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არანაირი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ აქვს.
“4 საათნახევარი სრულად იქ ვიყავი, ჩემი იქ ყოფნის დროს ის ორჯერ გახდა შეუძლოდ. გახდა მოულოდნელად შეუძლოდ, ფერი დაკარგა, თქვა, რომ ახლა მე მექნება ძალიან მაღალი წნევა, თხოვა ექიმს, რომ მოსულიყო და მისთვის გაეზომა წნევა, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ამ ქალბატონის მიმართ, მე ვიყავი იქ და მე ვნახე რამდენ ხანში გამოცხადდა იქ ეს ადამიანი, გვიან რა თქმა უნდა. მე ვუყურებ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს გაუჭირდება რეალურად, იქ მე კი არა ნებისმიერი ადამიანი ვისაც შეუძლია დახმარება გაუწიოს არ იქნება, რა გველის და რა ელის მას”, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ცალკე იზოლირებულად, ის არ იმყოფება რეალურად ციხის საავადმყოფოში და იმ შემთხვევაში თუ ის ცუდად გახდება ან გონებას დაკარგავს, ამას მხოლოდ მას შემდეგ გაიგებენ, რაც ოთახში ვინმე შევა, რადგან მას არ აქვს არანაირი ღილაკი, რომ დასახმარებლად მედპერსოლანს უხმოს.
ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სუნთქვის საშუალებაც კი, რადგან ვერ აღებს ფანჯარას და არ გადის სასეირნოდ.
ამასთან, მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს.