ყველას ვთხოვ, რომ გავუფრთხილდეთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და პარტიაში დასრულდეს გაუგებრობა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ბედი წყდება, ყურადღების სხვა თემაზე, თუნდაც არჩევნებზე, არ იყო მიზანშეწონილი.
“ყველას ვთხოვ ჩემს თანაგუნდელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ბედი წყდება, ამ უმოკლეს პერიოდში დავზოგოთ ეს ადამიანი, გავუფრთხილდეთ და ვუგულშემატკივროთ მის გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით, რა რეალობა დაგვიდგება, აზრი აქვს თუ არა მერე პოლიტიკურ ცხოვრებას, ესეც სათუო იქნება აუცილებლად. ყველა შევიდეთ მის მდგომარეობაში. ამ პარტიაში დასრულდეს გაუგებრობა და ყველა ერთად დავირაზმოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასარჩენად და ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მასთან პოლიტიკურ თემების განხილვა ვერ ხერხდება.
“მიხეილ სააკაშვილთან მე პოლიტიკურ პარტიულ ცხოვრებაზე საუბრის შესაძლებლობა მე ნამდვილად არ მქონია, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის უფლებას, უბრალოდ, არ იძლება. თქვენ ნუ წარმოგიდგენიათ, რომ აქტიური დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად, ადამიანს არ აქვს ამის ძალა. თუ 5 საათის განმავლობაში მე მასთან ვარ, პირდაპირ გეუბნებით, რომ 4 საათი ჩვენ ვართ ჩუმად“, – განაცხადა ხერხეულიძემ.