“უკრაინის რადა აპირებს საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას, რაც საქართველოშიც იგეგმება“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
“ჩვენი უმთავრესი პოზიცია არის ის, რომ საქართველო ამ კრიტიკულ დღეებში უკრაინის გვერდით დგას. ყველა ქვეყანა უკრაინასთან მიმართებაში პოზიციონირებას ცდილობს. ეს არის ღირებულებითი ომი და არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ორ ქვეყანას შორის გაუგებრობა. ამ ვითარებაში, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური ორიენტაციის ქვეყნებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ჩვენ აქ სწორედ ქართველი ხალხის პოზიციის გასაჟღერებლად ჩამოვედით და ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების მოქმედებას. ხელისუფლება იცვლება. ქართველ-უკრაინელი ხალხის მეგობრობა და მისწრაფებები კი ძალაშია და საუკუნეებს ითვლის. ამიტომ, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ცუდმა ხელისუფლებამ განაპირობოს ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება.
შეხვედრები გვქონდა ასევე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს მკვეთრ დამოკიდებულებას გამოვხატავდით, ისინი მიხეილ სააკაშვილზე საუბარს თავად იწყებდნენ. მათი უპირველესი თხოვნა და მოთხოვნაა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე თავიანთ ქვეყაანში უვნებელი დაბრუნდეს. ისინი აცნობიერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უპირველესი მიზანი მისი ციხიდან დახსნაა. აქ ჩვენი ინტერესები იკვეთება. უკრაინის რადა აპირებს საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ შემსწავლელი კომისიის შექმნას, რაც საქართველოშიც იგეგმება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ „მთავარის“ ეთერში.
ეკა ხერხეულიძე და მისი თანაგუნდელები ამ დროისთვის კიევში იმყოფებიან. ისინი უკრაინის რადაში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ექსპერტულ წრეებთან შეხვედრებს მართავენ.