გიორგი მოწამლეს. ბრალს ვდებ გენპროკურორ გაბიტაშვილს და მე-18 პენიტენციური სამსახურის დირექტორს დავით დარასელიას, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა.
“შუაღამეს დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. გვიან ღამით ისინი გიორგისთან იყვნენ შესული, გიორგის მდგომარეობა დამძიმდა.
13 მარტს დაემართა გაურკვეველი ტიპის კრუნჩხვა, ის მიაჯაჭვეს ეტლს, დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში.
ორი დღეა, მიდის კანის პრობლემები. მათ გიორგი მოწამლეს. ბრალს ვდებ გენპროკურორ გაბიტაშვილს და მე-18 პენიტენციური სამსახურის დირექტორს დავით დარასელიას. თქვენ მონაწილეობთ ჩემი შვილის მკვლელობაში”, – განაცხადა ეკა წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას გიორგი ჩიკვაიძე არ ესწრება, რადგან როგორც ცნობილია, ის პროცესიდან გაძევებულია.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.