ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის თავზე, მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ (68 პროცენტი, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო), თუმცა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან.
გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და კოვიდ-19-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია. მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს. პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.
მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი). მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს
მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.
“ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს“, – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.
საქართველოს მოსახლეობა ელის, რომ არჩეული თანამდებობის პირები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნებენ. მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეები მათგან ინკლუზიის საკითხებზე მუშაობას მოელიან: მოსახლეობის დაახლეობით ნახევარი პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ განაწილებას ემხრობა. ეს მოსაზრება პარტიული სიმპატიების მიხედვით არ იცვლება. მოსახლეობის უმრავლესობას (54 პროცენტი) არ სჯერა, რომ პარლამენტი მათნაირი ადამიანების აზრს ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ (55 პროცენტი). საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ნდობის ნაკლებობა პარლამენტის მუშაობაში ჩართვის სურვილზეც აისახება. პარლამენტთან კომუნიკაციის ფორმებზე საუბრისას, მოსახლეობის ყველაზე დიდმა ნაწილმა (39 პროცენტი) თქვა, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობა არ სურს.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.