ჩვენ ვართ ბრძოლის იმ ეტაპზე, სადაც რეჟიმს აქვს განცდა, რომ უნდა გადავიდნენ ძალის დემონსტრირებაზე. რეპრესიების ახალი ტალღა მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ ხალხი დათრგუნოს.
“ჩვენ ვართ ბრძოლის იმ ეტაპზე, სადაც რეჟიმს აქვს განცდა, რომ უნდა გადავიდნენ ძალის დემონსტრირებაზე. რეპრესიების ახალი ტალღა მოსალოდნელი იყო. კვირას პოლიციელების რა რაოდენობაც ვნახეთ, ეს რაოდენობა არ იყო აუცილებელი ვითარებასთან გასამკლავებლად, ეს იყო ერთგვარი ხაზგასმა, რომ ნახეთ, ჩვენ ძალიან დიდი ძალა გვაქვს. მათი მიზანია, რომ ადამიანები დათრგუნონ – აი, ჩვენ კიდევ ძლიერები ვართო. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, რეპრესიის ეს ბერკეტი მათ აქვთ, შეუძლიათ, დაიჭირონ, სცემონ. ეს არ არის მარტივი საყურებელი, როცა შენს ქვეყანაში უბრალოდ ქუჩაზე გადასვლის გამო გირტყამენ. პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, ეს ძალიან მოსალოდნელი და განჭვრეტადი ეტაპია დიქტატურასთან ბრძოლის, რომლისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. რეჟიმს უნდა ჩვენი შიში, დაბნეულობა და ქაოტურად მოქმედება.
გიგი უგულავას შემთხვევა ცალკე მინდა გამოვყო იმიტომ, რომ მართლა უკიდურესად ცინიკურია მის მიმართ რეჟიმი. მერამდენედ აკავებენ აბსურდულად. ამაზრზენია. რეჟიმი ამდენი წელია, მის დევნას არ მოეშვა. ამასთანავე, ჩვენ, პოლიტიკოსებს გვესმის, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც არ უკავშირდებიან პოლიტიკას და საკუთარი იდეის, ევროპის დასაცავად არიან გამოსულები ქუჩებში, ამ ფონზე, ჩვენთვის დაჭერები სიახლე არ არის, უბრალოდ მართლა, მერამდენედ უნდა იყოს გიგი სამიზნე?!”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.