დიდი ინტერესით მივდივართ “კოალიცია ცვლილებისთვის” ოთხივე ლიდერი შეხვედრაზე პრეზიდენტთან. ჩვენ ყველა ვართ ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ცვლილება საუკეთესოდ განხორციელდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ არჩევნებში.
“ძალიან დიდი ინტერესით მივდივართ კოალიცია “ცვლილებისთვის” ოთხივე ლიდერი შეხვედრაზე პრეზიდენტთან. ყურადღებით მოვუსმენთ, რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს აზრს. პრეზიდენტის ქარტია არის ის, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ვრჩებით ერთგულები. პრეზიდენტის ინიციატივა კონსულტაციების არის დროული, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მივალთ, ვისაუბრებთ, ერთად შევჯერდებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ვართ ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ცვლილება საუკეთესოდ განხორციელდეს. პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ არჩევნებში. ძალიან დიდი ხანია, მისი პოზიცია ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ყველამ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ყველა მათგანს გვაქვს ჩვენ-ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.