მზად ვარ ყველა კომუნიკაციისათვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერებს დეტალურად განუმარტა პროტესტის მიზეზის შესახებ.
“მზად ვარ ყველა კომუნიკაციისათვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა ვინმეს მოგება ან წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში “ქართული ოცნებიდან”, მე დეტალურად ვესაუბრე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და რა არის ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში უკვე 15 დღეა, შიმშილობს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
ელენე ხოშტარია დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოინახულეს.