ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა, შიმშილობს.
მისივე თქმით, მიიღებს მხოლოდ მედიკამენტებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის პარამეტრებს საფრთხე შეექმნება.
“მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, ამიტომ მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას, ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს, ახლა მე მათ არ ვიღებ. თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით. ჩვენ თუ ამ ბრძოლაში სრული ენერგია არ ჩავდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ”, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ წყალს სვამს და არ იღებს მინერალურ წყლებს.