დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის რამიზ რამზანოვის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. როგორც ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რამზანოვი ბოლოს მან დღეს ნახა, იქამდე კი 2 დღის განმავლობაში ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს პასუხობდა. დღეს კი, ლევან მოსეშვილის თქმით, დაინახა როგორ წაიყვანეს ის სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლებმა.
“მე დღეს მივაკითხე სამსახურში, რადგან 2 დღე კონტაქტზე არ გამოდიოდა. ვესაუბრებოდი პირისპირ. ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ, სუს-ის მანქანით იყვნენ, მოკიდეს ხელი და გაიყვანეს გარეთ, იმის მერე არ გამოდის კონტაქტზე”, – განაცხადა მოსეშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ დმანისის საკრებულოს სხდომა შედგეს, საჭიროა 16 დეპუტატი, ამ დროს კი “ოცნებას” მხოლოდ 15 ჰყავს და ახლა დაშინება-ზეწოლაზეა გადასული.
დაკარგული დეპუტატი რამზანოვი ძველი მოწვევის საკრებულოს წევრიცაა, ის სკოლის დირექტორიც იყო და ოპოზიციის თქმით, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
მათივე ინფორმაციით, რამზანოვს დაჭერით ემუქრებიან.