მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშიც კი შიმშილობას გააგრძელებს, – ამის შესახებ მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს.
თუმცა, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან არ აქვს თანხმობა ჰოსპიტალიზაციაზე.
“სრული თანხმობა არ მაქვს პრეზიდენტისგან. თანხმობა პრეზიდენტის ხან არის, ხან არა. შესაძლოა, მას ცილის შემცველი გადასხმები დასჭირდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს შიმშილობა”,-განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს განიხილავს ექვსკაციანი კონსილიუმი, რომელიც მას დღეს, 15:00 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ინახულებს.
ვიზიტის შემდეგ კი 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილია უწყებათაშორისი მულტიფუნქციური ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილავენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ ჯგუფის წევრები როგორც ჯანდაცვის სფეროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არიან.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის დაკავების დღიდან ციხეში შიმშილობს.