ასობით დაღუპული, ათასობით დაჭრილი, ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი უამრავი თანამოქალაქე… დაბობმილი ქალაქები, სოფლები, სამხედრო ბაზები, ქარხნები, პორტი და მიწასთან გასწორებული სახლები – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
იყო ბევრი შვილმკვდარი ოჯახი, ტკივილი, ტირილი, მამის გარეშე დარჩენილი შვილები და ქმრების გარეშე დარჩენილი მეუღლეები – აგვისტოს ომზე თავისი წილი მოსაყოლი ყველას აქვს.
ჩვენი რესპონდენტის ისტორიაც ამ მძიმე, სისხლიან დღეებს უკავშირდება. რომან ასლანიძე, რომელიც დღემდე საქართველოს ემსახურება, Front News-სთან ინტერვიუში იხსენებს, რომ ერაყში, სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა, როცა სამშობლოში დააბრუნეს და აგვისტოს ომში სხვა თანამებრძოლებთან ერთად ჩაება.
ძმას ცოცხლას ვერ ჩამოუსწრო, ომარ ასლანიძე სერჟანტი იყო და აგვისტოს ომში ცხინვალში დაიღუპა. იბრძოდა ბოლომდე, გმირულად, სამშობლოსთვის…
“ომი რომ დაიწყო, ერაყში, პირველ ბრიგადაში, სამშვიდობო მისიით ვიმყოფებოდი. 2008 წლის 10 აგვისტოს დავბრუნდით საქართველოში და ომი უკვე დაწყებული იყო. ჩვენც ჩავერთეთ, ცხინვალის მისადგომებთან ვიბრძოდით. ჩემი ძმა ამ დროს უკვე გორის ჰოსპიტლის მორგში იყო, თუმცა ამის შესახებ არ ვიცოდი. ვიცოდი ის, რომ დაჭრილი იყო და ბიძას უნდა გადაეყვანა ქობულეთში. როცა გავიგე, რომ აღარ იყო, გამიშვეს სახლში, რომ გამესვენებინა”, – აცხადებს რომან ასლანიძე.
ერთადერთი ძმის გასვენების შემდეგ, ძალები მოიკრიბა და კვლავ თანამებრძოლების გვერდით დადგა – სამშობლოს სადარაჯოზე. მის გადაწყვეტილებას ოჯახი არ შეწინააღმდეგებია, უფრო მეტიც, მამამაც გამოთქვა მზადყოფა, რომ თუ საქართველოს დასჭირდებოდა, მზად იყო, თავადაც წასულიყო ომში, ქვეყნის დასაცავად.
“ძმის გასვენების შემდეგ მეუბნებოდნენ: აღარ ჩამოხვიდე, აღარ ვართ იმ ადგილას, სადაც დაგვტოვე, ოჯახს სჭირდები ახლა და მათ გვერდით იყავიო, თუმცა ჩემი თანამებრძოლების მიტოვება არ მინდოდა. ამიტომ, ოჯახს ბოდიში მოვუხადე და მაინც მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს ბიჭებთან წავსულიყავი. მშობლები ყოველთვის უჭერდნენ მხარს ჩვენს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, იმ მომენტში. მამაც იმას იძახდა, თუ დასჭირდა სამშობლოს, ავიღებ იარაღს და მე თვითონაც წავალ ომშიო”, – იხსენებს აგვისტოს ომის გმირი.
რომან ასლანიძეს ძმაზე საუბარი დღემდე უმძიმს, თუმცა Front News-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ძმა, ომარ ასლანიძე ისე იბრძოდა, როგორც ქართველ ვაჟკაცს და ნამდვილ ჯარისკაცს შეეფერება. დაიღუპა გმირულად და მისი სახელი უკვდავსაყოფად შემორჩა ისტორიას.
“ჩემი ძმა ცხინვალში დაიღუპა, 26 წლის ასაკში. დაოჯახებული არ იყო. ამბობდა, ერთი ძმა მყავს, დაბრუნდეს ერაყიდან და მერე შევქმნი ოჯახსო. მშობლებს და ყველას ამას ჰპირდებოდა, რომ ამის შემდეგ მოიყვანდა ცოლს.
საამაყოა, რომ ჩემი ძმა გმირია, მაგრამ ეს მოუშუშებელი ჭრილობაა, რომელიც ისტორიაში დევს. ომში, მის გვერდში მდგომებისგან და მებრძოლებისგან ვიცი, რომ გამოყავდა დაჭრილები, ეხმარებოდა… ამასთან, მოტივაციას აძლევდა ყველას, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა და ოჯახებში დაბრუნდებოდნენ. იქცეოდა ისე, როგორც ქართველ ჯარისკაცს შეეფერება. აკეთებდა იმას, რის გაკეთებასაც ადრე შეუძლებლად თვლიდა. ზოგადად, ძალიან ეშინოდა მიცვალებულების, მაგრამ, იმ მომენტში შიშის გრძნობა საერთოდ აღარ გააჩნდა, სულ სხვა პიროვნება გახდა. დღემდე მიმძიმს მასზე საუბარი…”, – აცხადებს რომან ასლანიძე.
გვიყვება, რომ ყოველ წელს, აგვისტოს თვის მოახლოებისას, ომის უმძიმესი და ტკივილიანი კადრები გონებაში თვალწინ გადაურბენს.. ჭრილობა მოუშუშებელია, თუმცა განცდა, რომ ომის გმირების სახელებს შორის, მისი ძმის სახელიცაა – საამაყო.
“რთული გასახსენებელია ომი, იბომბებოდა ყველაფერი, იყო ბევრი გარდაცვლილი, ბევრიც დაჭრილი, თუმცა, ეს უკანასკნელნი, მოტივაციას არ კარგავდნენ, თითქოს არც იყვნენ დაჭრილი. საკუთარ სიცოცხლეზე იმ მომენტში არ ფიქრობდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ სამშობლოსთვის, ისე, როგორც ქართველ ჯარისკაცებს შეეფერებათ.
13 წელი გავიდა. როცა კი დგება აგვისტო, ის დღეები თვალწინ გადამირბენს ხოლმე. მოუშუშებელი ჭრილობაა, ჩვენი ისტორიაა. მამაჩემი სულ იმას გაიძახის, შეწირულიყოს ჩემი შვილი და აწი მშვიდოდა ყოფილიყოსო. სულ ვამბობთ იმასაც, რომ მხოლოდ მე კი არა, მამაჩემი, ჩემი ოჯახი, ყველა ქართველი მზად არის, საქართველოსთვის ყოველთვის იბრძოლოს, როცა კი სამშობლოს დასჭირდება”, – აცხადებს რომან ასლანიძე Front News-სთან ინტერვიუში.
აგვისტოს ომის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.