ერევანში, სავაჭრო ცენტრ “სურმალუს” ნანგრევებიდან 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორსული ქალის და პატარა ბავშვის, – ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი არმენ პამბუხჩიანი სოციალურ ქსელში წერს.
“მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა ერთი წამითაც არ შეჩერებულა, მაშველებმა კიდევ 8 ცხედარი იპოვეს (ჯამში მათი რიცხვი 15-ს მიაღწია), მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები“, – განაცხადა მინისტრმა.
მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.
ათი დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
აფეთქების შედეგად დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, 18 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
აფეთქება სომხეთის დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ორი დღის წინ მოხდა. დაწყებულია გამოძიება.