სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო “ჰილტონ გარდენინნში” ჰიბრიდულ ფორმატში დისტანციური სწავლების რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – “დისტანციური სწავლების გამოწვევები და მომავალი“ ჩაატარეს.
კონფერენციაში ათი ქვეყნის წარმომადგენლებმა და მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, რომელიც წარმოადგენდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს და ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორი გენერალ მაიორი სტაიკო პროკოპიევი.
კონფერენციაზე ისაუბრეს დისტანციური სწავლების ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა: მოტივაცია, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.
დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იდეები, ინოვაციური მიდგომების დისტანციური სწავლების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.