“ეს განცხადება იქნება ძალიან მძიმე, საერთოდ ჯამში, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ პირადად, ირაკლი ღარიბაშვილისთვის”- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი კელი დეგნანის განცხადებას პრემიერთან დაკავშირებით.
“მე ვფიქრობ, ძალიან ზუსტი შეფასება იყო აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დიახაც, პრემიერ-მინისტრი გახლდათ ის ფიგურა, რომელიც პირდაპირ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუცია და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უფლება, რომელიც მან კი ვერ, არამედ არ აღასრულა თავისი ვალდებულებები. ჩვენ ვნახეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, პირიქით წააქეზა რადიკალური დაჯგუფები იმისკენ, რომ მომხდარიყო ის, რისი მომსწრენიც ვიყავით 5-6 ივლისს თბილისში.
მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იქნება ძალიან მძიმე საერთოდ ჯამში არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ პირადად, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რადგანაც, ამ განცხადების შემდგომ შეიცვლება გარკვეულწილად ურთიერთობები ირაკლი ღარიბაშვილთან”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით, თუმცა სამწუხაროდ, “ასეთი წამყვანი როლი მათ ვერ დაინახეს”.