აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის ყველა საქონელზე 25%-იანი ტარიფი და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბოგოტამ უარი თქვა შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული მიგრანტების თვითმფრინავების მიღებაზე.
“ახლახან შემატყობინეს, რომ აშშ-დან ორი სარეპატრიაციო რეისი, დიდი რაოდენობით არალეგალი კრიმინალებით, არ მიიღეს კოლუმბიაში. ეს ბრძანება გასცა კოლუმბიის სოციალისტმა პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ, რომელიც ისედაც ძალიან არაპოპულარულია თავისი ხალხში”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პეტროს მიერ ამ ფრენების აკრძალვამ საფრთხე შეუქმნა შეერთებული შტატების ეროვნულ და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ტრამპმა დაავალა თავის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ მიიღოს გადამწყვეტი საპასუხო ზომების სერია. კერძოდ, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა:
გასცა ბრძანება კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ყველა საქონელზე გადაუდებელი 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ. ტრამპის თქმით, ერთ კვირაში ტარიფები 50%-მდე გაიზრდება;
დაწესდა სავიზო შეზღუდვები ხელისუფლების წარმომადგენლების, მათი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების მიმართ. ეს მოიცავს ვიზების დაუყოვნებლივ გაუქმებას;
სავიზო სანქციები დაუწესდება ყველა პარტიის წევრს, ოჯახის წევრებს და კოლუმბიის მთავრობის მხარდამჭერებს;
განხორციელდება გაძლიერებული საბაჟო და სასაზღვრო შემოწმება კოლუმბიის ყველა მოქალაქესა და ტვირთზე ეროვნული უსაფრთხოების მიზნით;
სანქციები შეეხება მათ შორის ფინანსურ, საბანკო და სახაზინო სექტორებს.
“ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ მივცემთ უფლებას კოლუმბიის მთავრობას დაარღვიოს თავისი კანონიერი ვალდებულებები, მიიღოს და დააბრუნოს დამნაშავეები, რომლებსაც აშშ-ში შესვლა აიძულეს“, – განაცხადა ტრამპმა.