2 დეკემბერს, ესტონეთში მცხოვრებმა ქართველმა დიასპორამ ტალინში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სოლიდარობა გამოუცხადა.
აქცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადებას გულისხმობს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტალინში მცხოვრებმა მასწავლებელმა ვალერიან გოგუაძემ აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა საქართველოში ევროპული მომავლისთვის მებრძოლი პროტესტის მონაწილეების გვერდით დგას.
“ჩვენ ვუდგავართ გვერდით ათასობით ქართველს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან თბილისსა და სხვა ქალაქებში. საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად პროტესტისა და გაფიცვის სურვილს გამოხატავენ, მაგრამ პრორუსი ხელისუფლება მათ თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს. თბილისში პოლიციის მიერ არაერთი პროტესტის მონაწილე სასტიკად არის ნაცემი, რაც მიუღებელია”, – განაცხადა გოგუაძემ.
29 ნოემბერს, „ქართულმა სახლმა“, რომელიც ესტონეთში ქართული კულტურული ორგანიზაციების გაერთიანებაა, მოუწოდა საქართველოს ელჩს ესტონეთში ზურაბ ხამაშურიძეს, საჯაროდ გაემიჯნოს მთავრობის ანტიდასავლურ კურსს 2 დეკემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართული სახლი“ შეწყვეტდა საელჩოსთან თანამშრომლობას.
2 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში “ქართულმა სახლმა” გამოაცხადა, რომ საელჩოსთან თანამშრომლობას წყვეტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთმა თანამშრომელმა, მათ შორის ელჩებმა, ღიად გააკრიტიკეს მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა, ესტონეთში საქართველოს ელჩმა საჯაროდ პოზიცია არ გამოხატა და დიასპორასთან კომუნიკაციაზე არ გამოვიდა.
“სამწუხაროდ, საქართველოს ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არ ჩათვალა საჭიროდ, დაეფიქსირებინა საჯაროდ თავისი პოზიცია და არც “ქართულ სახლთან” შემდგარა კომუნიკაცია. “ქართული სახლისა” და მისი თითოეული წევრისთვის, უმძიმესია, ათწლეულების განმავლობაში პირველად, საქართველოს წარმომადგენლობასთან ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, სხვა გზას ვერ ვხედავთ. ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ქართული სახლის” წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩანადირმა აქციაზე განაცხადა, რომ საელჩოდან სრული იგნორის ფონზე, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტეს.
“სამწუხაროა, რომ 30-წლიანი პარტნიორობისა და მრავალი ერთობლივი პროექტის შემდეგ, საელჩომ სრული იგნორირება გაგვიკეთა. მათი დუმილი ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ქართული დიასპორა დღეიდან სრულად წყვეტს ურთიერთობას საელჩოსთან”, – აღნიშნა მან.