spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია”

ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“ევროკავშირი წუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ განაგრძოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება ნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ, გამოიწვია გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში და ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას აძლევდა სარგებელს, ამჟამად შეჩერებულია.

ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რათა დაადასტუროს თავისი მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის გამო, იმ დარღვევების ჩათვლით, რომლებსაც წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს.

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მისი არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებისკენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები