spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ევროკავშირის მხარდაჭერით, “Front News საქართველო” ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) რეგიონალური კამპანიის ფარგლებში “Front News საქართველო” ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტურობა დღეს“. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც უნდა მოამზადონ მედია პროდუქტები (ვიდეო, სტატია, ინტერვიუ, ბლოგი და ა.შ) ენერგოეფექტურობის ან/და განახლებადი ენერგიების შესახებ.

კონკურსის მიზანია, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების საშუალებით, კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შერბილებისა და თავიდან აცილების პროცესებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ენერგეტიკის სექტორს სათბურის აირების გაფრქვევაში ყველაზე დიდი წილი აქვს. სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა (შერბილება) და მიტიგაციის (თავიდან აცილება) პროცესში. შესაბამისი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით, შესაძლებელია, მინიმუმამდე შემცირდეს წიაღისეული საწვავის გამოყენება, ენერგორესურსების არაეფექტური მოხმარება და სათბურის აირების ემისია.

აღნიშნული კონკურსი ერთის მხრივ გააღვივებს ახალგაზრდების ინტერესს ჟურნალისტიკისა და საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ წარმოაჩენს ახალგაზრდების თვალით დანახულ ენერგოეფექტურ საკითხებს.

იმისათვის, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, უნდა მოამზადონ მედია პროდუქტები შემდეგი თემების გარშემო:

· ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა;

· ყოველდღიური ჩვევები ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვისთვის;

· ახალგაზრდების როლი ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვაში;

· ენერგოეფექტურობის პრაქტიკები საქართველოში;

· ენერგოეფექტურობა ჩემს თემში;

· ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მნიშვნელობა;

· ენერგოეფექტურობა შენობებში;

· განახლებადი და სუფთა ენერგია;

· ენერგოეფექტური ტრანსპორტი;

· სხვა ნებისმიერი თემა, რაც ენერგოეფექტურობასთან და განახლებად ენერგიებთან იქნება დაკავშირებული.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში შეეძლებათ:

1. სტატია

2. სტატია/ინტერვიუ

3. ვიდეო/რეპორტაჟი

4. ბლოგი

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ თავიანთი ნამუშევრები შემდეგ ელფოსტაზე: project@frontnews.eu წერილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ „კონკურსი – ენერგოეფექტურობა დღეს“

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 26 აპრილი, 2025 წელი.

შერჩევის პროცესი: დამოუკიდებელი ჟიურის წევრები წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებენ კრეატიულობის, საკითხის საინტერესოდ გადმოცემის, თემის რელევანტურობის და მედიაპროდუქტის შესაძლო გავლენის მიხედვით.

გამარჯვებულების გამოვლენა: I, II, III ადგილზე გასულ  მედია პროდუქტების ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები ფულადი ვაუჩერების სახით და ენერგოეფექტურობის ელჩის სტატუსი. გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება Front News-ზე.

ევროკავშირის შესახებ:

30 წელზე მეტია, ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა  მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ:

ეს კონკურსი შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია შპს „Frontnews Georgia” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების  შეხედულებებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: project@frontnews.eu

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები