ევროპარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
დღევანდელ შეხვედრაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემზარავ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, 17-მა თავი შეიკავა.
მიღებული რეზოლუცია გამოხატავს უკრაინელი ხალხის სოლიდარობას და პატივს სცემს მილიონობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ხელოვნური შიმშილის მოწყობის გზით.
“ევროპარლამენტი აღიარებს ჰოლოდომორს, 1932-1933 წლების ხელოვნურ შიმშილობას უკრაინაში, გამოწვეულს საბჭოთა რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებებით, უკრაინის ხალხის გენოციდად; მკაცრად გმობს ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის ასეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის გარდაცვალება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ცდილობს მისი, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციას, ძარცვავს მარცვლეულის საწყობებს და აფერხებს ექსპორტს.
მიღებული რეზოლუცია გადაეცემა უკრაინის უმაღლეს რადას, პრეზიდენტს, უკრაინის მთავრობას, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, ევროსაბჭოსა და კომისიას, წევრ ქვეყნებს, გაეროს, ეუთოს, ასევე რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.