spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 495 მომხრე და 73 წინააღმდეგი ჰყავდა, 86-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.

“მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, გამოიკვლიონ დემოკრატიული უკან დახევის შედეგები, რასაც ეს კანონები იწვევს საქართველოში მათი, როგორც დონორის როლისთვის და მიაწოდონ ინფორმაცია შესაძლო გავლენის შესახებ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს;

მოვუწოდებთ ევროკავშირს, ყველა დაფინანსება, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას, გაიყინოს ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის მომავალი დაფინანსების გაცემაზე;

ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ წარმატებულ და კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად სცემს პატივს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით. ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეულ ძალისხმევას საქართველოს დასაბრუნებლად განვითარების დემოკრატიულ და პროევროპულ გზაზე;

ვგმობთ აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და მის მცდელობებს, კიდევ ერთხელ გამოუთხაროს ძირი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებს რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ; კვლავ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მოქმედების გამო;

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ და დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მონაწილეობს პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და ავრცელებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას; მივესალმებით აშშ-ის მიერ ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიმართ დაწესებულ პირად სანქციებს;

მტკიცედ გვწამს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიმართულებით პროგრესის მიღწევისთვის; ვაღიარებთ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია ახალგაზრდა, ჩართული ლიდერების თაოსნობით, რაც გამოიხატება სპონტანური პროტესტით უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ 2024 წელს”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც არის ყურადღება გამახვილებული და მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

“კვლავ მტკიცედ მოვითხოვთ ჰუმანიტარული ნიშნით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრულ და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები