ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ.
რეზოლუციის ტექსტში, ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ.
რეზოლუციაში, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად და პრეზიდენტად არის მოხსენიებული. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით – ასევე ისმის მოწოდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ “პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს“;
ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, „დაუწესონ სანქციები, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს“.
რეზოლუციის ტექსტში ასევე მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის რეჟიმის ტყვის, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება.