"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე უცნაურსა და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. აღნიშნული ნაბიჯი მისთვის ლოგიკურია და მიესალმება.
"როდესაც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ამ გადადგომის არგუმენტაცია იყო პოლიტიკური. მან განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ნიკა მელიას დაპატიმრების თემას, ამის გამო შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნილიყო და არ სურდა ამის თანამონაწილე ყოფილიყო. გადადგომები, ჩვენ რაც გვახსოვს, წასვლები გვინახავს, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით გადადგომა იყო პირველი გიორგი გახარიას შემთხვევაში, ამიტომ ის, რომ დღეს გახარია აანონსებს, პოლიტიკაში აქტიურად იქნება ჩართული, ჩემთვის ამაში რაიმე ტიპის სიახლე არ არის.
პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობას, უმრავლესობის გუნდს, თუკი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგმს და გადადგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უნდა თავქუდმოგლეჯილი გაიქცეს პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებაში გადაერთოს. ძალიან ლოგიკურია, რომ პოლიტიკაში დარჩეს და ის ხედვები, მიმართულებები, რაც სწორად და გასაკეთებლად მიაჩნდა, ამის განხორციელებას სხვა გზებით ეცადოს. ასე ხდება ევროპაშიც, ამერიკაშიც და მოხარული ვარ, რომ საქართველოც ასე მოხდა", – განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, შიგნიდან წამოსულ ადამიანებს, როგორც წესი, უფრო მეტი ძალა და შესაძლებლობა აქვთ, შემოიკრიბონ ირგვლივ თავიანთი მხარდამჭერები და თანამოაზრეები.
"მაგალითად, შევარდნაძის ხელისუფლების დროს, შიგნიდან წამოსულმა ადამიანებმა მოახერხებს შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა, ასევე იყო სააკაშვილის შემთხვევაშიც. გიორგი გახარია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყო. ანუ, პოლიტიკური რეიტინგის თვალსაზრისითაც, მას არა მარტო პრემიერობა, არამედ სერიოზული პოლიტიკური წონაც ჰქონდა. ამასთან, გახარია ფაქტორი იყო "ოცნების" ბევრი მხარდამჭერისთვის, ამიტომ მას შეუძლია პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური როლი ითამაშოს.
დღეს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა დგას ჯიუტი თხებივით და ურტყავენ თავებს ერთმანეთს, რომელს უფრო ადრე გაუტყდება თავი. მემგონი ორივეს გაუტყდა უკვე. მივიღეთ ის, რომ დაიღალა ქართული საზოგადოება ამის ყურებით. არ ვიცი რა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება, ვინ რა როლს ითამაშებს, გახარია, მარგველაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, სხვები რას გააკეთებენ, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვით: თუ ჩვენ პოლიტიკური აქტიორების იმედად დავრჩით, ვინც დღეს მთელი ევროპის ჩარევის მიუხედავად, ერთმანეთთან დალაპარაკებასაც ვერ ახერხებენ, ასეთ შემთხვევაში უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური სიმშვიდე, სტაბილურობა ქვეყანაში, რაც აუცილებელია საქართველოსთვის. ვერ ვეღირსებით პოლიტიკურ სტაბილურობას, თუკი ისეთი კონფიგურაცია დარჩება, როგორიც დღეს არის ქართულ პოლიტიკურ სამოქმედო არეალში", – განაცხადა ძიძიგურმა "ტვ პირველთან".