ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე. ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მშვიდობაზე გვესაუბრებოდნენ, დღეს საკუთარ ხალხს სახლებთან უსაფრდებიან, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებით, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება არ შეურიგდება ძალადობას.
“ლაშა გაბიტაშვილზე სამი ნიღბიანი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმა ნათელი გამოხატულებაა იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე.
ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მშვიდობაზე გვესაუბრებოდნენ, დღეს საკუთარ ხალხს სახლებთან უსაფრდებიან, ნიღბებს უკან იმალებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს ქმედებები მიუთითებს ერთადერთ მიზანზე – საზოგადოების დაშინებაზე.
ცხადია, მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით ე.წ. ხელისუფლება თავადვე აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და ადასტურებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ძალადობაზე დგას.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც სოლიდარობა, გონიერება და სიმტკიცე იქნება ჩვენი მთავარი იარაღი, რომლითაც ივანიშვილს დავაკარგვინებთ მისთვის ყველაზე მთავარს – ფულს და ძალაუფლებას, რომელსაც ახალგაზრდების სისხლის და უსამართლობის სუნი ასდის.
ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება არ შეურიგდება ძალადობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აბუ-დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილს დღეს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.