აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია აღნიშნული.
“გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე.
უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
საქმე ეხება ბათუმში მომხდარ თავდასხმას, სადაც გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.