30 აგვისტოს ღამეს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დრონების ყველაზე მასიური თავდასხმის ქვეშ მოექცა.
ფსკოვში უპილოტო საფრენი აპარატის მთავარი სამიზნე იყო ადგილობრივი აეროპორტი, რომელსაც იყენებს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაცია.
“ფსკოვის აეროპორტში თავდაცვის სამინისტრო უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას იგერიებს. ინციდენტის დაწყებიდან მე პირადად ვარ ადგილზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ნგრევის მასშტაბები ზუსტდება”, – განაცხადა ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოთხი სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76. აეროდრომის სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ თვითმფრინავები ადრე იყო განთავსებული მჭიდროდ და თავშესაფრების გარეშე, ამიტომ გამოუცხადებელი დანაკარგები შეიძლება იყოს უფრო დიდი.
ადგილობრივი Telegram-ის არხები ირწმუნებიან, რომ ფსკოვის აეროპორტს სულ მცირე ათი დრონი თავს დაესხა. თავდასხმიდან მალევე აეროპორტის ირგვლივ ამოქმედდა გეგმა “ედელვაისი”, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის შეკრებას ითვალისწინებს.
თავდასხმის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაიწყეს გადარჩენილი სატრანსპორტო თვითმფრინავების გაყვანა აეროპორტიდან. ღამით აეროდრომი სულ მცირე ხუთმა თვითმფრინავმა დატოვა.
ASTRA წერს, რომ ხანძარი 64044 სამხედრო ნაწილის მიდამოშიც გაჩნდა. ეს არის GRU-ს მე-2 სპეცდანიშნულების ბრიგადის განთავსების ადგილი პრომეჟიცში, რომელიც მონაწილეობდა უკრაინაში შეჭრაში.
ბრიანსკის ოლქის მცხოვრებლებმა ასევე განაცხადეს აფეთქებების შესახებ რეგიონულ ცენტრსა და გარეუბნებში. არაერთი წყაროს თანახმად, დრონები ცდილობდნენ თავდასხმას ნავთობის საცავზე.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ ბრიანსკის თავზე სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, თავდასხმის ქვეშ მოხვდა ქარხანა, რომელიც შედის რუსეთის უმსხვილესი მიკროელექტრონული საწარმოების სიაში. ვარაუდობენ, რომ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, არის ნგრევა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ, თითქოს, მოახერხეს სამი დრონის განადგურება ღამით ბრიანსკის ოლქში და ერთი ორიოლის ოლქის ცაში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კალუგის, ტულის და რიაზანის ოლქებში.
გარდა ამისა, გამთენიისას ცნობილი გახდა მოსკოვის ოლქის რუზას რაიონში დრონის ჩაჭრის შესახებ.
“დღეს ღამით ცენტრალურ ფედერალურ ოლქში დრონების მასობრივი თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. მოსკოვისკენ მიმართული ერთ-ერთი დრონი აპარატი გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუზის რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა”, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.