31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა


ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 82 წლის გახდებოდა.
მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში 1939 წელს დაიბადა.
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962).
ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 1970-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.
ზვიად გამსახურდია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია, იმავე წლის დეკემბერში კი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება დაიწყო.
1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, თბილისი დაეტოვებინათ. ზვიად გამსხურდია გარემოცვასთან ერთად ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მიწვევით გროზნოში ჩავიდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 1994 წლის თებერვალში გადაასვენეს გროზნოში.
ზვიად გამსახურდიას ნეშტი საქართველოში 2007 წლის 28 მარტს ჩამოასვენეს და 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით დაკრძალეს. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით ადამიანი დაესწრო.
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
თაგები:
