Logo

არჩევნები, ომები, საპროტესტო აქციები, სანქციები – 2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს და მსოფლიოში

პოლიტიკა
31.12.2024 / 16:23
Frontnews image description

2024 წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მთელს მსოფლიოსთვის საკმაოდ მძიმე და პოლიტიკურად დატვირთული იყო. როგორც ჩანს, პოლიტიკური ტემპერატურა არც 2025 წელს დაიწევს, თუმცა, რას უქადის გველის წელი საქართველოს, მოვლენების განვითარების შესაბამისად გამოჩნდება.

ივანიშვილის მესამედ მოსვლა და კობახიძის დაწინაურება

როგორც ცნობილია, 2023 წლის მიწურულს ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა. როგორც ექსპერტები იმ დროს აცხადებდნენ, ამით ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებდა.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სამთავრობო ცვლილებები მოყვა. უფრო კონკრეტულად კი, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან პარტიაში გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ირაკლი კობახიძემ დაიკავა.

“ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა.

“ოცნება“ მესამე სექტორის – “აგენტების“ წინააღმდეგ

კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხელისუფლებამ, რომელიც 2023 წელს უკან გაიწვია, 2024 წლის 3 აპრილს კვლავ მიიღო. ამ კანონმა ხალხში პროტესტი უკვე მეორედ გამოიწვა და საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, თუმცა არასამთავრობოების და ოპოზიციის პროტესტმა ამაოდ ჩაიარა. საკანონმდებლო ორგანომ კანონი 8 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.

ოპოზიციის მსგავსად, მაშინ კანონი უარყოფითად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც შეაფასა და მას ვეტო დაადო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ წინა წლებში აპრობირებული მეთოდი გამოიყენა და ვეტო ამჯერადაც დაძლია – კანონი 84 ხმით იქნა მიღებული.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბევრი რამის განმაპირობებელი აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას და აკრძალვაზე, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ოსებთან ბოდიშის მოხდის შესახებ საუბრობდა, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ “ოცნება” არჩევნებში დამარცხდებოდა.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლებო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი – “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შეძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა, არაერთ მნიშვნელოვან დარღვევაზე საუბრობენ უცხოელი თუ ადგილობრივი დამკვირვებლები.

საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ამ არჩევნებს და პარლამენტი არალეგიტიმურია,”ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ხალხი ანიჭებს და მათ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

საქართველო და ევროკავშირი

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებას წყვეტს.

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.

2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ”, – განაცხადა კობახიძემ.

2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე ფაქტო შეჩერდა”. 17 ოქტომბერს კი, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.

ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან რამდენიმე საათში თბილისი და რეგიონები საპროტესტო ტალღამ მოიცვა, რომელიც დღესაც გრძელდება. აქციების დროს დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, სპეცრაზმელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები ათობით ადამიანმა მიიღო, რასაც მსოფლიოს მხრიდან მკაცრი გამოხმაურებები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ სანქციები მოჰყვა.

ხელახალი არჩევნების და ევროკავშირთან დაჩქარებული წესით მოლაპარაკებების მოთხოვნებს ახლა უკვე საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულთა გათავისუფლებაც დაემატა.

რაც შეეხება სანქციებს – 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, თუმცა იქამდე როგორც ამერიკამ, ასევე სხვადასხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს “ქართული ოცნების” ლიდერებს და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს.

ახალი და ძველი პრეზიდენტი

2024 წლის 14 დეკემბერს “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

ცესკოს მონაცემებით, დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. მიხეილ ყაველაშვილი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში გაიმართა და ფიცი სპეციალურად ინაუგურაციისთვის დაბეჭდილ კონსტიტუციაზე დადო.

იმავე დღეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანების სასახლეს, თუმცა მიაქვს ლეგიტიმაცია და პრეზიდენტი იქნება იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

„თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი არჩევნები და ჩვენი არჩეული ღირსეული ხელისუფლება.

არჩევნები ჩატარდება – სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი – პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს – თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით.

31 დეკემბერს თქვენთან ერთად რუსთაველზე შევხვდები ახალ წელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სპორტული მოვლენები

პოლიტიკის გარდა, 2024 წელი სპორტული თვალსაზრისითაც საკმაოდ საინტერესო და ისტორიული აღმოჩნდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 26 მარტს, როდესაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა, ფეხბურთმა ერთმანეთს დაპირისპირებული მოქალაქეებიც კი შეარიგა და ქვეყანა ზეიმმა მოიცვა. ივნისში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივარი და დებიუტანტმა „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალშიც კი ითამაშა – ეს კი ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდი მიღწევა იყო და მსოფლიო მედიაც კი ამაზე საუბრობდა.

ფეხბურთელების გარდა, საქართველო ქართველმა ოლიმპიელებმა და პარაოლიმპიელებმაც გაახარეს, რომლებიც ქვეყანაში პირველად ისტორიაში ჯამში 9 მედლით დაბრუნდნენ.

მსოფლიო ამბები

2024 წელს 80-მდე ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელთა შედეგებსაც მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენა ექნება, მათ შორის პირველ რიგში საუბარია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და მომავალი წლის 20 იანვრიდან ის უკვე ოფიციალურად შეუდგება საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას.

ხელმეორედ გაპრეზიდენტებამდე ტრამპი აცხადებდა, რომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ 24 საათში დაასრულებდა. მართალია, მას ჯერჯერობით ამისთვის კონკრეტული გეგმა არ გაუჟღერებია, თუმცა აცხადებს, რომ დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის ომის დასრულების შესახებ. მისი კიდევ ერთი დაპირება ამერიკიდან მასშტაბურ დეპორტაციას შეეხება. ვარაუდობენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ძალიან გართულდება.

რაც შეეხება ომებს და ცხელ წერტილებს მსოფლიოში – რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ ისევ გრძელდება.

მასობრივი მიგრაცია და მილიონობით ლტოლვილი, რუსული ომის დანაშაულები, სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ ადგილებზე, ენერგეტიკის განადგურება, დახურული საზღვრები, ტყვეების გაცვლა, ცხოვრება საომარი მდგომარეობის პირობებში, მობილიზაცია, ეკოლოგიური კატასტროფები, დანგრეული ქალაქები და ათასობით შეწირული სიცოცხლე, – ეს არ არის იმ მოვლენების და განსაცდელების ჩამონათვალი, რისი გადატანაც უკრაინელებს თითქმის სამი წელია, უწევთ.

2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალები შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და პირველ ორ კვირაში მოახერხეს რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1250 კვადრატული კილომეტრის და რუსეთის ფედერაციის 100-ზე მეტი დასახლების დაკავება. რუსეთი მისივე ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს ამ დრომდე ვერ აკონტროლებს.

2024 წელს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული ისრაელიც. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას შემდეგ, რაც “ჰამასი” ისრაელში შეიჭრა, მისი ქვეყანა კიდევ ექვს ფრონტზე იბრძვის იმ ომში, რომელიც ირანმა დაიწყო – საუბარია “ჰეზბოლაზე”, რომელიც უტევს ისრაელს ლიბანიდან, იემენის ჰუსიტებზე, ირანის შიიტურ გასამხედროებულ ძალებზე, რომლებიც მოქმედებენ სირიასა და ერაყში, ასევე “პალესტინელ ტერორისტებზე“ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და თავად ირანში.

მიმდინარე წლის ბოლოს მსოფლიოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. სირიელი მეამბოხეები 8 დეკემბერს, დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, ასადი კი რუსეთში გაიქცა. სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარას განცხადებით, სირიაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას შესაძლოა, ოთხი წელი დასჭირდეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები