პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა.
ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია.