ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონეცკის ოლქში “მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ბოინგის კატასტროფის საქმეზე“ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ MH17-ის რეისის თვითმფრინავი ქალაქ სნეჟნოესთან მდებარე პერვომაისკის რაიონიდან გაშვებული “ბუკის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. აღნიშნული ტერიტორია თვიმფრინავის ჩამოგდების დროს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის მაისიდან რუსეთი უზრუნველყოფდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროების მომზადებას, იარაღის და სურსათის მიწოდებას, ასევე ახორციელებდა სეპარატისტების სამხედრო ქმედებების კოორდინაციას და თავად ატარებდა სამხედრო მოქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.
სასამართლომ მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის ორი რუსი და უკრაინის ერთი მოქალაქე დამნაშავედ სცნო, ერთი კი გაამართლა.
მოსამართლემ დამნაშავედ სცნო:
იგორ გირკინი (სტრელკოვი) – რუსეთის მოქალაქე – 2014 წლის ზაფხულისთვის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB-ს ოფიცერი;
სერგეი დუბინსკი – რუსეთის მოქალაქე – 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი;
ლეონიდ ხარჩენკო – უკრაინის მოქალაქე – 2014 წლის ზაფხულისთვის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.
ბრალდებული ოლეგ პულატოვი – რუსეთის მოქალაქე, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკი – გამართლდა.
ბოინგის ჩამოდგებაში დამნაშავეებს სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო.