F ჯგუფის შეხვედრაში, “ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე” ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა კანადა 4:1 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.
შეხვედრა კანადელთა სასიკეთოდ დაიწყო და ალფონსო დევისმა, მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (თამაშის დაწყებიდან 69 წამში). თუმცა ხორვატებმა პირველ ნახევარშივე შეძლეს თამაშის შემობრუნება და 36-ე წუთზე ჯერ კრამარიჩმა, შემდეგ 44-ე წუთზრ მარკო ლივაიამ ჩრდილო ამერიკელების კარი დალაშქრეს და შესვენებაზე 2:1 უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში ხორვატებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს, 70-ე წუთზე კრამარიჩმა დუბლი შეასრულა, მატჩის მიწურულს კი ლოვრო მაიერმაც შეძლო თავის გამოჩენა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.
ამ შედეგით ხორვატია F ჯგუფში გალიდერდა, მეორე ადგილს მაროკო იკავებს, მესამეზე ბელგიაა, ხოლო ბოლო პოზიციაზე კანადა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი